English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ როზეტა ასათიანი
საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის, როგორც მეცნიერების, გენეზისი

რეზიუმე

დღეს საქართველოში შექმნილი არაორდინალური სოციალურ-ეკონომიკური (და არა მხოლოდ იგი) სიტუაცია მრავალ რთულ პრობლემას წარმოქმნის, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი სოციალური პრობლემებია. ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ ადამიანის ბიოლოგიური არსებობაც კი კითხვის ქვეშ დააყენა, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე. ამიტომ მრავალ სხვა პრობლემასთან ერთად აუცილებელია სოციალური პრობლემების მოგვარება, რაც ეკონომიკას მისცემს სოციალურ ორიენტაციას და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის რეალურ შანსს. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული როლი აკისრია საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკას, როგორც ეკონომიკური თეორიის ახალ განშტოებას. მაკროეკონომიკურმა თეორიამ საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკური მეცნიერების ამ დარგის განვითარებას. იგი ორგანულ კავშირშია სახელმწიფო ფინანსების თეორიასთან, ეკონომიკური პოლიტიკის მართვასთან, მომსახურების ეკონომიკასთან და ა.შ.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა არა მხოლოდ ფასების ლიბერალიზაციასა და კერძო საკუთრების შემოღებას გულისხმობს, არამედ ადეკვატური საბაზრო ინსტიტუტების ფორმირებას მოითხოვს. საქართველო XXI საუკუნეში შევიდა ღრმა ფინანსური (და არა მხოლოდ ფინანსური) კრიზისის პირობებში. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ სახელმწიფომ ეკონომიკის სფეროში მოიხსნა პასუხისმგებლობის ტვირთი და ''უხილავ ხელს'' გადააკისრა. სამწუხაროდ, როგორ მიესადაგება საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური მოვლენები და პროცესები კაპიტალიზმის წარმოშობისა და განვითარების ადრეულ პერიოდს. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ სხვა ქვეყნებშიც (იგულისხმება ''მესამე სამყაროს'' ქვეყნები) მიმდინარეობს ანალოგიური პროცესები, მაგრამ ამ შემთხვევაში მსოფლიოში აპრობირებული პოზიტიური ცვლილებების ფონზე, როდესაც ჩვენ შეგვეძლო მეურნეობრიობის პროგრესული ფორმებისა და მეთოდების დანერგვა და ''ველური'' კაპიტალიზმის გვერდის ავლით საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, მეტად დასანანია, რომ აღმოვჩნდით უაღრესად მძიმე სიტუაციაში და დავადექით იმ გრძელ და ძნელ გზას, რომელიც ძალზე მტკივნეულად გაიარა ცივილიზებულმა სამყარომ.

განვითარებული ქვეყნების გამოცდილებიდან ჩანს, სახელმწიფო ხარჯების პოლიტიკაში ცენტრალური ადგილი საზოგადოებაში სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ხარჯებს უჭირავს. ნაკლებად უზრუნველყოფილი მოსახლეობის ჯგუფების მხარდამჭერი სოციალური პროგრამების დაფინანსებასთან ერთად საბიუჯეტო სახსრების გარკვეული ნაწილი გამოიყოფა სოციალურ-კულტურული დარგების განვითარების სახელმწიფო პროგრამებისათვის. სოციალურ სფეროში აქტიური როლის შესრულებით სახელმწიფო სოციალურად ორიენტირებული, კეთილდღეობის სახელმწიფოს ნიშნებს იძენს. მოსახლეობის საშუალო ფენის გაძლიერებით სახელმწიფო აპარატი კარგავს კონსერვატიულ-ბიუროკრატიულ ხასიათს, ძლიერდება კერძო სტრუქტურების სოციალური პასუხისმგებლობა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებისა და ჰუმანიზაციის პროცესების გაძლიერებით წარმოშობილი ახალი პრობლემები ამდიდრებს საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის შინაარსს.

საკვანძო სიტყვები: საზოგადოებრივი, სექტორი, ეკონომიკა, საბაზრო ეკონომიკა, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა.

შესავალი

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის, როგორც მეცნიერების, წარმოშობა საზოგადოებრივი პროგრესითაა განპირობებული და იგი დროის მოთხოვნაა. მისი ჩამოყალიბება ინტენსიურად, საბაზრო ეკონომიკის ფორმირების კვალდაკვალ, XX საუკუნის II ნახევრიდან, განსაკუთრებით კი, 60-იანი წლებიდან დაიწყო. ამასთან, იგი, როგორც სასწავლო დისციპლინა, ფართოდ დაინერგა მრავალი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის, პოსტკომუნისტურ ქვეყნებშიც, (გამოვიდა ცნობილ მეცნიერთა _ ჟ. სტიგლიცის, ა. ატკინსო-ნის, მ. რინგკვისტის, ლ. იაკობსონის, ე. ჟილცოვისა და ა.შ. შრომები) საქართველოში კი, მიუხედავად წინამდებარე სტატიის ავტორის მცდელობისა, მხოლოდ ახლა იდგამს ფეხს.

 ***

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის წარმოშობას წინ უძღოდა ობიექტური წანამძღვრები, რამაც საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკური მეცნიე¬რების ამ შედარებით ახალი დარგის განვითარებას. ეს საკითხი არ არის ვიწრო ჩარჩოებში მოქცეული ლოკალური საკითხი, ამასთან, იგი ორგანულ კავშირშია სხვა გლობალურ საკითხებთან. ამ პროცესს ხელი შეუწყო, ერთი მხრივ, ეკონომიკური მიმდინარეობებისა და თეორიების განვითარებამ, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებრივ წარმოებაში მიმდინარე პროგრესულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა, მათ შორის, ტექნოლოგიების სფეროში.

კაპიტალიზმის ტრანსფორმაციის შედეგად კერძო კაპიტალისტური სა¬კუთ¬რების ბატონობაზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემის ახალ თვისებრიობაში გადაზრდამ ტრაექტორია შეუცვალა მსოფლიოს განვითარებას. საკუთრების პლურალიზმზე დაფუძნებული საბაზრო სისტემის ძირითად მახასიათებლად, ბაზრის პრინციპების რეალიზაციასთან ერთად, სოციალური ორიენტაცია იქნა აღიარებული, რამაც, თავის მხრივ, დაადასტურა ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების აუცილებლობის შესახებ კეინზიანური თეორიის სისწორე. სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ბაზრის `შეცდომების~ გამოსწორება, რაც ჰუმანიზაციის მსოფლიო პროცესის საფუძველი გახდა.

სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკის ანუ საბაზრო ეკონომიკის ფორმირება დროის მოთხოვნად შეფასდა, მეტიც, იგი თანამედროვე მსოფლიოს განვითარების მნიშვნელოვან ტენდენციად იქცა და მსოფლიოს ახალი წესრიგისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების გარანტად იქნა აღიარებული. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო ზნეობრივი ფასეულობების წინა პლანზე წამოწევას, რომელმაც ჩამოიტოვა მანამდე ფესვებგადგმული, სოციალური ინსტინქტებით განპირობებული მოთხოვნილებები და მათზე მაღლა დადგა. ჩამოყალიბდა ორი ტიპის საზოგადოება - ჩაკეტილი და ღია. ჩაკეტილი - ტოტალიტარული საზოგადოება, რომლის პირობებში პიროვნება კოლექტივის მსხვერპლად იქცა და ღია - ჰუმანური საზოგადოება, რომელიც დემოკრატიული ფასეულობების განვითარების საწინდარია. უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში სოციალურობის ტენდენციის გაძლიერებამ კანონზომიერი ხასიათი მიიღო, სოციალურმა ორიენტაციამ საბაზრო ეკონომიკა პოლიტიკურად სიცოცხლისუნარიანი გახადა.

ეკონომიკისათვის სიცოცხლისუნარიანობის მინიჭებაში უდიდესი როლი 50-იან წლებში დაწყებულმა მეცნიერულ-ტექნიკურმა რევოლუციამ შეასრულა, რომელმაც გამოიწვია საზოგადოებრივი წარმოების სტრუქტურული გარდაქმნა, მომსახურების მწარმოებელი დარგების დაჩქარებული განვითარება და მოამზადა პირობები ინდუსტრიული საზოგადოების პოსტინდუსტრიულში გადაზრდისათვის. მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების ახალ ისტორიაში რევოლუციურ მახასიათებლად წარმოჩნდა მომსახურების სექტორის წილის უპირატესი ზრდა დანარჩენ ორ სექტორთან შედარებით. ეს მნიშვნელოვანი თეორიული პარადიგმები რეალურად აისახა ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებში და საფუძვლად დაედო გაეროს საერთაშორისო სტანდარტულ დარგობრივ კლასიფიკაციის პროცესსა და ეროვნულ ანგარიშთა სისტემას. პოსტინდუსტრიული საზოგადოების ჩამოყალიბებით დაიწყო ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში. ეს ახალი მსოფლიო წესრიგისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის დასაწყისი იყო.

ამ ობიექტურმა წანამძღვრებმა საფუძველი ჩაუყარეს საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის წარმოშობასა და განვითარებას. ეკონომიკის მეცნიერების არც ერთი დარგისთვის არ არის ნიშანდობლივი ისეთი ძლიერი ინტეგრირებული საწყისი, როგორიც ეკონომიკური თეორიის, კერძოდ, მაკროეკონომიკური თეორიის ამ ახალი განშტოების - საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკისთვისაა. ეკონომიკისთვის სოციალური ორიენტაციის მინიჭებით წინა პლანზე საზოგადოებრივი ინტერესები წამოიწია. მან გაზარდა სახელმწიფოს როლი ქვეყნის მაკროეკონომიკურ რეგულირებაში. ფუნდამენტური პრობლემების გადასაწყვეტად, საკმარისი არ არის მხოლოდ მოთხოვნით გამოხატული ინდივიდუალური მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება. აუცილებელია საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაც, რაშიც გადამწყვეტ როლს სახელმწიფო ასრულებს (ამიტომაცაა, რომ ეკონომიკურ ლიტერატურაში საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა ზოგჯერ გაიგივებულია სახელმწიფო სექტო-რის ეკონომიკასთან).

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა შეისწავლის საზოგადოებრივი მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილების მიზნით სახელმწიფო სექტორში არსებული შეზღუდული რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზებსა და ოპტიმალური არჩევანის პრობლემას. ამ რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე დიდად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა, განსაკუთრებით ის, თუ რამდენად არის იგი სოციალურად ორიენტირებული. ამიტომ შეუზღუდავი საზოგადოებრივი მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შეზღუდული რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზების ძიებასა და ოპტიმალური არჩევანის პრობლემას.

ინდუსტრიულმა ეპოქამ, რომელიც კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემის განმტკიცებასა და განვითარებას უკავშირდება, დასაბამი მისცა ხანგრძლივ ისტორიულ ციკლს, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო კერძო ინტერესების პრიორიტეტი საზოგადოებრივთან შედარებით, ''უხილავი ხელის'' მეშვეობით. ამ პერიოდში ყურადღების ცენტრში იდგა ცალკეული ფირმა, მისი დანახარჯების მინიმიზაციისა და მოგების მაქსიმიზაციის პრობლემა. ეს იყო მაკროეკონომიკური პარადიგმებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ინდივიდუალური კონცეფციის ბატონობის ეპოქა. მისი იდეოლოგია ადამიანს განიხილავდა, როგორც ეკონომიკურ ფენომენს, როგორც წარმოების საშუალებას და არა როგორც საზოგადოებრივი წარმოების მიზანს. საზოგადოებრივ ინტერესებზე კერძო ინტერესების პრიორიტეტის პერიოდი აღინიშნა კორუფციის ზრდითა და სხვა ანტისოციალური მოვლენებით, მათ შორის, საზოგადოებრივი მორალის დეფორმაციით. ეს ეპოქა მოიცავს XVIII-XIX საუკუნეების მიჯნიდან XX საუკუნის 50-იან წლებამდე პერიოდს.

დასავლური ცივილიზაციის ინდუსტრიული განვითარების პირველ ეტაპზე ეკონომიკურ თეორიაში გაბატონებულმა სმითისეულმა კონცეფციამ, რომელიც სახელმწიფოს განიხილავდა როგორც `ღამის დარაჯს~, სახელმწიფო საქმიანობას კი - არამწარმოებლურ შრომად, ადგილი დაუთმო კეინზიანურ მიმართულებას, რომელმაც უარყო ეკონომიკაში გაბატონებული მიკროეკონომიკური მიდგომა და ცენტრალური ადგილი მაკროეკონომიკურ თეორიასა და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირებას მიაკუთვნა. კეინზის თეორიის მიხედვით, ცალკეული ფირმის აყვავების პირობები შეიძ-ლება არ ემთხვეოდეს მთელი ეკონომიკის განვითარების პირობებს, ხოლო მათ შორის წარმოშობილი წინააღმდეგობების გადაჭრა შესაძლებელია არა ცალკეული ფირმების მოგების მაქსიმიზაციით, არამედ მაკროეკონომიკური პროპორციების აღდგენითა და კვლავწარმოების საერთო პირობების სრულყოფით, რაშიც გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ეკისრება.

საბაზრო ეკონომიკის რეგულირების კეინზიანური მოდელი წარმატებით გამოიყენებოდა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში 70-იანი წლების შუა ხანებამდე. ამ მოდელის რეალური განსახიერებაა სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების იდეის პრაქტიკული განხორციელების დაწყება გფრ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. აშშ-ში სწორედ ამ პერიოდში გაატარეს სიღარიბესთან ბრძოლის ფართომასშტაბური ღონისძიებები, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიიღეს ისეთი ცნობილი პროგრამა, როგორიცაა ''მედიკერი'' -პენსიონერებისა და ინვალიდებისათვის სამედიცინო დახმარების სახელმწიფო სოციალური პროგრამა და ''მედიკეიდი'' - მოსახლეობის ნაკლებუზრუნველყოფილი ფენების დაცვის სოციალური პროგრამა.

მიუხედავად ამისა, 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკაში სახელმწიფოს მეტისმეტი ჩარევის უარყოფითმა შედეგებმა გამოიწვია ინფლაციის გაძლიერება, ბიუჯეტის დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის ზრდა, გადასახადების გადიდება, რასაც მოჰყვა ეკონომიკური ზრდის შენელება. მართალი, კეინზიანური მოდელის მოწინააღმდეგეთა შეხედულებების ''რენესანსმა'' ხელშემწყობი პირობების შექმნა ''სახელმწიფო მინიმუმის'' კლასიკური თეორიის აღორძინებისათვის და ნეოკლასიკური თეორიების ძირითადი დებულებები აისახა კიდეც განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში. ამ თვალსაზრისით, `ნეოკლასიკურმა სინთეზმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მაგრამ საზოგადოებრივ სექტორს არ დაუკარგავს თავისი როლი საზოგადოებრივი ინტერესების რეალიზაციის მხრივ, განსაკუთრებით 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებული მოვლენების შემდეგ. ამიტომაცაა, რომ თანამედროვე პირობებში განვითარებულ ქვეყნებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეკონომიკური თეორიების მნიშვნელოვანი პოსტულატების გათვალისწინებას სახელმწიფოსა და ბაზრის ურთიერთობაში.

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია XX საუკუნის შუა ხანებში დაწყებულმა მეცნიერულ-ტექნიკურმა რევოლუციამ, რომელმაც მძლავრი ბიძგი მისცა საზოგადოებრივი წარმოების პროგრესულ სტრუქტურულ გარდაქმნებს. დაიწყო მომსახურების მწარმოებელი დარგების სწრაფი განვითარება. 60-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა ინდუსტრიული საზოგადოებიდან პოსტინდუსტრიულზე გადასვლის თეორიული საფუძვლები, რომლის მნიშვნელოვანი მახასიათებელი მომსახურების სექტო¬რის წილის უპირატესი ზრდა უნდა ყოფილიყო დანარჩენ ორ სექტორთან შედა¬რებით. მეცნიერთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, ეს გადასვლა იქნებოდა არა მიღწეულიდან უკან დახევა, არამედ, პირიქით, უფრო მაღალი სოციალური წესრიგის გამარჯვება.

აღნიშნული თეორიული პარადიგმები პრაქტიკულად განხორციელდა და ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები რეალურად აისახა გაეროს სსდკ-სა და ეროვნული ანგარიშების სისტემაში. თუ სსდკ-ის I ვარიანტში (1958 წ.) მომ-სახურების დარგებს მოკრძალებული ადგილი ეკავა, მის II ვარიანტში (1968 წ.) გაცილებით ფართოდ იქნა წარმოდგენილი ''სერვისული'' წარმოება, ხოლო 1989 წელს მიღებულ ეროვნულ ანგარიშთა სისტემის III ვარიანტში მომსახურების ეკონომიკას სოლიდური ადგილი ეჭირა - 17 განყოფილებიდან 5 მოიცავდა მატერიალურ-ნივთობრივი წარმოების სფეროს (სოფლის მეურნეობასა და ინდუსტრიას), ხოლო დანარჩენი 12 - მომსახურების სფეროს. 2008 წლიდან დღემდე მოქმედებაშია ეროვნულ ანგარიშთა სისტემის IV ვარიანტი, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი ინფორმაციულ ტექნოლოგიებს უჭირავთ.

ასეთი დაყოფის აუცილებლობა კიდევ უფრო განამტკიცა 80-იანი წლების დასაწყისში განვითარებული ქვეყნების პირადი მოხმარების სტრუქტურაში მატერიალური დოვლათის ინტენსიურმა შემცირებამ და სხვადასხვა სახის მომსახურების წილის გადიდებამ. საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრა სოციალურ ინფრასტრუქტურას. ამის პარალელურად საწარმოო მოხმარების სტრუქტურაში საგრძნობლად იმატა წარმოებრივი ინფრასტრუქტურის წილმა. ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების გაძლიე-რებამ განაპირობა ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის განვითარება. ტექნო-ლოგიურმა ბუმმა აუცილებელი გახადა ეკოლოგიური ინფრასტრუქტურის გან-ვითარებაც. (ამჟამად დასავლეთში ტერმინი -''გარემოს დაცვა'' ''რაციონალური ბუნებათსარგებლობით'' შეიცვალა). საბაზრო ურთიერთობების რთულმა სისტემამ მოითხოვა აგრეთვე საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარება. ბირჟის სახით ფართოდ ჩამოყალიბდა სხვადასხვა ორგანიზებული ბაზრები - საქონლის, ვალუტის, შრომის, საფონდო ბირჟების სახით. მომსახურების მწარმოებელი დარგების ინტეგრირების საფუძველზე შექმნილი ინფრასტრუქტურა საბაზრო ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირების მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახდა. ეკონომიკის ''სერიზაციამ'' მოიცვა ცივილიზებული სამყარო. მატერიალურ-ნივთობრივი წარმოება მასთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირურთიერთობაში აღმოჩნდა. მომსახურება როგორც საწარმოო, ისე პირადი მოხმარების სწრაფად მზარდი ინგრედიენტი გახდა. მეტიც, ამ პროცესმა თვისებრივად ახალი ეტაპი შექმნა საწარმოო ძალების განვითარებაში, რეალობად აქცია ინდუსტრიული საზოგადოების ტრანსფორმაცია უფრო მაღალ ისტორიულ ფაზაში - დასაბამი მისცა პოსტინდუსტრიულ ერას. რაც მთავარია, ამ გადასვლით ყურადღება გამახვილდა ახალი საზოგადოების ფორმირებაზე, ახალ სოციუმზე. დაიწყო ტრადიციული სოციალური სტრუქტურების არსებითი მოდიფიკაცია, საფუძველი ჩაეყარა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას. ამ გარემოებამ წინა პლანზე წამოსწია საზოგადოებრივი ინტერესები და დადებითი გავლენა მოახდინა თანამედროვე საზოგადოების პოტენციალის ზრდაზე. საზოგადოებრივი ინტერესების წარმოჩენამ კიდევ უფრო გაზარდა სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში.

პასუხი საბაზრო ეკონომიკის ტრიადაზე - რა? როგორ? ვისთვის? არ შეიძ¬ლება შემოიფარგლოს კერძო საქონლისა და მომსახურების კვლავწარმოების სფეროთი. ამ ფუნდამენტური პრობლემების გადასაწყვეტად საკმარისი არ არის მხოლოდ მოთხოვნით გამოხატული ინდივიდუალური მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება, აუცილებელია საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაც, რაშიც დირიჟორის როლი სახელმწიფომ უნდა შეასრულოს. საზო-გადოებრივმა სექტორმა, საბაზრო სისტემის ზოგად თეორიულ პრინციპებზე დაყრდნობით, ბაზრის პრიზმაში გავლითა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით უნდა დაარეგულიროს თავისი საქმიანობა ეკონომიკაში.

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის კვლევის სფეროშია მოქცეული ეკონომიკის არასაბაზრო სექტორი, რაც, ბაზრის ნაკლოვანებებიდან გამომ-დინარე, უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივი საქონლის წარმოებას, გარე ეფექტების გაზომვასა და ბუნებრივი მონოპოლიების არსებობის აუცილებ¬ლო-ბის დასაბუთებას, რომელთა გარეშე ზედმეტია საუბარი სოციალურ რეფორ-მებზე. სახელმწიფოსადმი ერთ-ერთი მკაცრი მოთხოვნაა ალოკაციური ფუნქ-ციის შესრულება, რაც უკავშირდება განსაზღვრული სახის საქონლისა და მომსახურების წარმოებას, ანუ დასავლეთში საკმაოდ აპრობირებული საზოგა-დოებრივი საქონლის წარმოებას, რომელიც არ შეიძლება საბაზრო ფასით მიეწოდოს მოსახლეობას. ჭეშმარიტი სოციალური რეფორმები იწყება მაშინ, როდესაც სახელმწიფო შეიმუშავებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კა-ნონმდებლობას (მათ შორის, ანტიმონოპოლიურსაც), მოქნილი ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებით, კონკურენციის დაცვით, ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატის შექმნით, მცირე ბიზნესის წახალისებით და, საეროდ, მოსახლეობის საქმიანი აქტიურობის გაზრდით მოახდენს საბაზრო უწონასწორობის  მინიმიზაციას, ისეთ მიმართულებას მისცემს ბაზარს, რომელიც განაპირობებს პიროვნების შესაძლებლობათა რეალიზაციას. ეს პრობლემებიც, რომელთა გადაჭრასაც სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკისაკენ მივყა-ვართ, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის კვლევის სფეროა.

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის კვლევის არეალშია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. ეს უკანასკნელი საკითხთა ფართო წრეს მოიცავს, ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი და მისი მატერიალური საფუძველია. ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეკონომიკური უსაფრთხოების კრიტერიუმებისა და პარამეტრების შემუშავებას, რაც საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის პრეროგატივაა.

როგორც განვითარებული ქვეყნების გამოცდილებიდან ჩანს, სახელმწიფო ხარჯების პოლიტიკაში ცენტრალური ადგილი სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებს უჭირავს. ნაკლებად უზრუნველყოფილი მოსახლეობის ჯგუფების მხარდამჭერი სოციალური პროგრამების დაფინანსებასთან ერთად, საბიუჯეტო სახსრების გარკვეული ნაწილი გამოიყოფა სოციალურ-კულტურული დარგების განვითარების სახელმწიფო პროგრამებისათვის. სოციალურ სფეროში აქტიური როლის შესრულებით სახელმწიფო სოციალურად ორიენტირებული, `კეთილდღეობის სახელმწიფოს~ ნიშნებს იძენს. მოსახლეობის საშუალო ფენის გაძლიერებით სახელმწიფო აპარატი კარგავს კონსერვატიულ-ბიუროკრატიულ ხასიათს, ძლიერდება კერძო სტრუქტურების სოციალური პასუხისმგებლობა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებისა და ჰუმანიზაციის პროცესების გაძლიერებით წარმოშობილი ახალი პრობლემები ამდიდრებს საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის შინაარსს. გადასახადები როგორც სახელმწიფოს მიერ საზოგადოებისათვის გაწეული მომსახურების საფასური, ეკონომიკის სტიმულირებისა და რეგულირების უმნიშვნელოვანესი ბერკეტი და საბიუჯეტო შემოსავლების ძირითადი წყარო, წინა პლანზე აყე-ნებს დაბეგვრის თეორიის საკითხებს გადასახადებისა და ეკონომიკური ეფექტიანობის ურთიერთქმედების ჭრილში და სახელმწიფოს როლს ოპტიმალური დაბეგვრის ფუნქციონირებაში. ამ კუთხითაც გადასახადების მრავაწახნაგოვანი ფენომენიც საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის კვლევის საგანია.

სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის გლობალური პრობლემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფო ხარჯების ოპტიმალური განაწილების საკითხს. ამასთან დაკავშირებით მეტად აქტუალური ხდება საბიუჯეტო ფედერალიზმის საკითხების კვლევა, რომელიც საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის შესწავლის ერთ-ერთი სფეროა.

პოსტკომუნისტურ ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერი¬ოდის პრობლემები კიდევ უფრო აფართოებს საზოგადოებრივი სექტორის ეკო-ნომიკის კვლევის არეალს.

საქართველოში ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესების სწორი წარმა¬რთვისათვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ეკონომიკური მეცნიერების ამ დარგის კვლევასა და ამ სპეციალობით კადრების მომზადებას. ამას გვავალებს დღევანდელი საქართველოს ფინანსური დილემა და ის მწვავე მაკროეკონომიკური პრობლემები, რომელთა თუნდაც ნაწილობრივი გადაჭრა დღეს, ასეთ სიტუაციაში შეუძლებელია. ბაზრის ''უხილავი ხელისა'' და სახელმწიფოს ''ხილული ხელის'' ოპტიმალური შეხამება სოციალურად ორიენტირებული ეფექტიანი ეკონომიკის შექმნის აუცილებელი პირობაა.

საგულისხმოა ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება: სანკტ-პეტერ-ბურგში საზოგადოებრივი სექტორის რეფორმირებისადმი მიძღვნილ მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე (ჯერ კიდევ, 2000 წლის 2-3 ივნისი) დაფუძნდა საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის მკვლევართა ასოციაცია (ASPE), რომლის მიზანია საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკური პრობლემების შესწავლა. იგი არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს სტოკჰოლმის უნივერსიტეტისა და სანკტ-პეტერბურგის სახელ¬მწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ჩარჩოებში და ითვალისწინებს: ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებას, ასოციაციის სამეცნიერო მოხსენებების გამოქვეყნებას, სემინარების მოწყობას, უცხოელი სპეციალისტების ლექციების ორგანიზებასა და ა.შ. ეს აპრობირებული პრაქტიკა, ვფიქრობთ, გასათვალისწინებელია საქართველოს სინამდვილეშიც.

დასკვნა

საქართველოსთვის ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში აუცილებელია შევიმუ-შაოთ მეცნიერული პარადიგმა, რომელიც გაითვალისწინებს საზოგადოებრივ, კოლექტიურ და ინდივიდუალურ მოთხოვნილებათა ბალანსს. ამისათვის კი საჭიროა არა ზედაპირული შეფასებები, არამედ ღრმა ანალიზი, რომელიც დაეფუძნება ფუნდამენტურ კონცეფციებს და დაამყარებს კავშირს მიზეზებსა და შედეგებს შორის. ეს საშუალებას მოგვცემს განვასხვავოთ მიღწეული სასურველისაგან, თავი დავაღწიოთ ილუზიებსა და ზედმეტ დანაკარგებს. ამ თვალსაზრისით, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის კვლევა და შესაბამისი კადრების მომზადება გარკვეულ წვლილს შეიტანს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

ძირითადი ლიტერატურა

1. ასათიანი რ. 2008. საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა და სოციალური რეფორმები. `შრომები~. VI ტომი. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერე¬ბათა აკადემია. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე~.

2. ასათიანი რ. 2013. საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა და მისი გან-ვითარების თავისებურებები საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში. `პოსტკომუნისტური ქვეყნების ეკონომიკების აქტუალური პრობლემები თანამედროვე ეტაპზე~. თსუ-ის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტი¬ტუტი. საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალები. 28-29 ივნისი. თბილისი.

3. Anthony B. Atkinson, Joseph E. Stiglitz. 1980. Lectures on public economics.

4.Asatiani R. 2004. Study of Public Sector Economics as Necessary Condition of Social Orientation. Bulletin of the Georgian Academy of Sciences. Vol. 169, number 2, March-April.

5.Coase R. 1996. The Problem of Social Cost. “Journal of Law and Economics”. Vol. 3.

6.Joseph E. Stiglitz. 1999. Economics of the public sector. Second Edition. New York-London. “W.W Nortonn & Company”.

7.Маргарита Ринквист. 1995. Об общественном секторе: что он дает и что берет. Стокгольм.

8.Якобсен П. 2008. Экономика общественного сектора. М., «Аспект пресс», 2000; Под ред. Жильцова Е.Н., Лафея Ж.Д. М.

დამატებითილიტერატურა

1. აბესაძე რ. 2013. მოსახლეობის ცხოვრების დონე, სიღარიბე და უმუშევრობა საქართველოში. `შრომები~. XI ტომი. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიე¬რებათა აკადემია. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე~.

2. ასათიანი რ. 2010. სოციალური დიფერენციაციის მოდელები და საქართვე-ლო. `სოციალური ეკონომიკა~, #2.

3. ასათიანი რ. 2003. ახალი მსოფლიო წესრიგი და სა¬მო¬ქალაქო საზოგა-დოების მშენებლობა. `მაკრო მიკრო ეკონომიკა~, #4.

4. ასათიანი რ. 2012. გლობალიზაცია, რელიგიურ ეთიკაზე აგებული ეკონო-მიკური პოლიტიკა და საქარ¬თველო. `საქართველოს ეკონომიკა~. მთავარი რედაქტორი ასათიანი რ. თბილისი, `სიახლე~.

5. გველესიანი მ. 2008. რა არის ეკონომიკური პოლიტიკა. თბილისი, `კო-მენტარი~.

6. კეინზი ჯონ მეინარდ. 1995. დასაქმების, სარგებლისა და ფულის ზოგადი თეორია. თარგმანი ინგლისურიდან. ქუთაისი.

7. კრუგმანი პ. 2009. როგორ მოახერხეს ეკონომისტებმა ყველაფრის არასწო-რად გაგება? თარგმანი ინგლისურიდან. `საქართველოს ეკონომიკა~, #10.

8. პაპავა ვ. 1995. სახელმწიფოს როლი თანამედროვე ეკონომიკურ სისტემაში. `ეკონომიკა~, #7-9.

9. პაპავა ვ. 1999. საბაზრო წონასწორობის დოქტრინა. თბილისი.

10. პაპავა ვ. 2011. არატრადიციული ეკონომიკსი. თბილისი.

11. რიკარდო დ. 1937. პოლიტიკური ეკონომიის და დაბეგვრის საფუძვლები. თარგმანი ინგლისურიდან. თბილისი.

12. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 2004. სოციალურ-ეკო-ნომიკური განვი¬თა¬რების აქტუალური საკითხების შესახებ. შემდგენელი გ. შიხაშვილი. თბილისი, `გეო¬კერია~.

13. სილაგაძე ა. 2012. ეკონომიკური დოქტრინები. თბილისი, `ინოვაცია~.

14. სმითი ა. გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ. თარგმანი ინგლი¬სურიდან. თბილისი, 1938;

15. ჩიქავა ლ. 2012. დასაქმება და უმუშევრობა საქართველოში. თბილისი, გამომ¬ცემლობა `უნივერსალი~.

16. ჭითანავა ნ. 1999. ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების გაძლიერების აუცილებლობა და სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბების თეორიულ-მეთოდოლოგიური საკითხები. `საბაზრო ეკონომიკის ფორმი¬რე-ბისა და ფუნქციონირების პრობლემები საქართველოში~. IV ტომი. თბილისი.

17. ჭითანავა ნ, თაკალანძე ლ. 2008. სოციალური ეკონომიკა. I ნაწილი. თბილისი, `ინოვაცია~.

18.GalbraithJ.K. 1992. Economics in the Century Ahead. In: “The Future of Economics.” Oxford, Blackwell.

19.Friedman M. 1992. Capitalism and Freedom. Chicago. “Univ. of Chicago Press”.

20.Гэлбреит Дж. 1979. Экономические теории и цели общества. Перевод с английского, М.

21.Надель С. 2005. Социальные факторы экономического роста. «МЭиМО», №5.

22.Нуреев Р. 2000. Теории развития: новые модели экономического роста (вклад человеческого капитала). «Вопросы экономики», №9.

23.Пигу Е. 1985. Экономическая теория благосостояния. Перевод с английского. М. Портер М. 2000. Конкуренция. Перевод с английского. Санкт-Петербург, Москва, Киев. «Вильямс».

24.Тинберген Я. 1980. Пересмотр международного порядка. Перевод с английского. М., «Наука».

25.Тодаро М. 1997. Экономическое развитие. Перевод с английского. М., «Юнити».

26.Фишер С., Сахаи Р. 1997. Стабилизация и рост в переходных экономиках: первые уроки. «Вопросы экономики», №5.

27.Шумпетер Й. 1982.Теория экономического развития. Перевод с немецкого. М., «Прогресс».

28.Хайлбронер Р., Тароу Л. 1991. Экономика для всех. Перевод с английского. Лондон, “Overseas Publications Interchange Ltd”.

29.Эклунд К. 1991. Эффективная экономика. Шведская модель. Перевод с английского. М.

30.Эрхард Л. 1991. Благосостояние для всех. Перевод с английского. М.

 

web რესურსები:

www.statistics.ge

www.economics.ge

www.nbg.gov.ge

www.mof.ge

http://www.mbg.ge/uploads/depositarycorporeshenqartulad/assets_liabilies_of_commercia       l_banks_totalgeo.xls

http://www.nbg.gov.ge/nbg.new.geo/banking_system/concept

http://www.cia.gov/library/publications/theworld_factbook/geas

http://www.chelt.ru/2001/12/uzbashianz-12.html